2017 წელს უცებ გადაწყდა, რომ ახალ წელს “ევროპებში” შევხვდებოდი და ჩემი პირველი დამოუკიდებლად დაგეგმილი ტურიც გამოცხვა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, ახალი წლის ღამეს პრაღაში შევხვედროდით და ასეც მოვიქეცით.

ამბობენ, ახალი წელი პრაღაში განსაკუთრებით ლამაზიაო, თავი ზღაპარში გეგონებაო… კარგი ქალაქია პრაღა, დარიჩინის სუნი რომ ტრიალებს და ეს ჩაწიკწიკებული, დატატული სახლუკები და მოკირწყლული მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, ბოლოს სასახლესთან რომ მიგიყვანს…

ახალი წლის ღამეს, სრულიად შემთხვევით, ნამდვილ ზღაპარში აღმოვჩნდი, Reon Argondian – Magical Cavern, ასე რომ ჰქვია. ეს ადგილი პრაღის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში არ შედის, უფრო მეტიც, მგონი ძალიან უცნობია და ჩემსავით, შემთხვევით გზაგადახვეული ტურისტები თუ ხვდებიან, მაგრამ პრაღაში ნანახთაგან, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო. ელისი რომ მერქვას, ვიფიქრებდი, ჩემი საოცრებათა ქვეყანა ვიპოვე-მეთქი.

რეონის გალერეა ფუნიკულიორთანაა, ცოტა უცნაური შენობაა და შესაძლოა, ძველებურად ჩაცმულმა ბიჭმა შეგიპატიჟოთ შიგნით და დალევა შემოგთავაზოთ. არ მოგერიდოთ და არც შეგეშინდეთ, პირიქით, აუცილებლად გაყევით და მოკითხვა გადაეცით, კი ვერ მიხვდება ვისგან, მაგრამ, მჯერა, გაუხარდება.

შეგიძლია თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. შიგნით, ზღაპრული სამყაროს გარდა გლინტვეინი და კომპოტი დაგხვდებათ. ქვემოთ რამდენიმე ფოტოა, მაგრამ მთელი გარემოს მეათედსაც ვერ გადმოსცემს, ამიტომ პრაღაში თუ მოხვდებით და ზღაპრები გიყვართ, არ დაიზაროთ და ეწვიეთ.

ადმინისტრაციული დეტალები:

შესვლა – 3 ევრო.

მდებარეობა Google Map-ზე.

მონახულების მერე შთაბეჭდილების გაზიარება არ მოგერიდოთ 🙂

 

Advertisements